„ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, საქართველო-თურქეთის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. ფესტივალი ჩამოყალიბდა ერთგვარ კულტურულ პლატფორმად, რომელიც ხელს უწყობს თურქეთში მცხოვრები ქართველების ფოლკლორული ტრადიციების პოპულარიზაციას, ქართული ენის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებას და ისტორიულ ფესვებთან კავშირების განმტკიცებას“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფრიდონ ფუტკარაძემ, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - ,,ჩვენებურების“ დასკვნით გალაკონცერტზე სიტყვით გამოსვლისას. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა მადლობა გადაუხადა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებასა და ფესტივალის ორგანიზატორებს საქართველო-თურქეთის მეგობრული და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისთვის.
საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენებურები“, წელს, აჭარის მთავრობის აქტიური ჩართულობით გაიმართა და ქართული ფოლკლორის უდიდესი მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - მინურ პაქსაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
„ჩვენებურები“ ქალაქ ბურსაში გამართული დასკვნითი გალაკონცერტით დასრულდა და მას, ქართულ მხარესთან ერთად, ბურსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე - სალიჰ ალთუნი, ქალაქ ბურსას მერი - შაჰინ ბიბა, ქალაქ ქესთელის მერი - ფერჰათ ეროლი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი - ომერ ფარუქ დემირთაში, ასოციაციების თავმჯდომარეები, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აუდიტორიის წინაშე აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი" და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სრული საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, აჟღერდა ხახლური და ქალაქური მრავალხმიანი სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ,,ჩვენებურები" და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოქრო".
ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“, რომელიც მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება, ხელს უწყობს საქართველო-თურქეთს შორის არსებული მეგობრული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.






























