აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში, ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - ,,ჩვენებურების“ გალაკონცერტს დაესწრნენ.
ტრადიციული ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, წელს ქართული ფოლკლორის უდიდესი მოამაგისა და გამორჩეული ხელოვანის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ პირველად 2001 წელს ჩატარდა და წლებია არ კარგავს პოპულარობას. ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი მარმარას კავკასიურ-ქართულ ასოციაციათა ფედერაციაა, თურქეთში მცხოვრები ქართველების ფოლკლორული ტრადიციების პოპულარიზაციას, ქართული ენის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებას და ისტორიულ ფესვებთან კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს და მას ყოველწლიურად ესწრებიან ორი მეზობელი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები. გალაკონცერტში აჭარის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანი“, ბათუმის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, ფოლკლორული ანსამბლი „რირაში“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩვენებურები“ მონაწილეობდნენ.
გალაკონცერტსა და ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს ესწრებოდნენ: აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - გია ჭყონია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში - არჩილ კალანდია, აჭარის და აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წევრები და მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციის წარმომადგენლები.




































