საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

04.ივლისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - ზურაბ პატარაძესთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ მეზობელ ქვეყანას შორის პარტნიორულ, მეგობრულ და სხვადასხვა სფეროში საქმიან ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ თანამშრომლობასა და ქართული დიასპორის როლზე საქართველო-თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაში, ასევე ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და იდენტობის შენარჩუნებაში.

ხაზგასმით აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მხარდაჭერა ორი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში. ამასთან, ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველო-თურქეთს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას ხელს უწყობენ როგორც დიპლომატიური კორპუსების, ისე ბიზნესწრეების, ქართული დიასპორების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდგომ, ქართული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, მათ შორის, პანორამული მუზეუმი და შვიდასწლოვანი ისტორიის მქონე სოფელი ბურსას პროვინციაში, რომელიც 2014 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

 

შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში - არჩილ კალანდია, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში - ალექსანდრე ჯიშკარიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი - გია ჭყონია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურათები