ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალთან შეკრებილ გამოცდილ და მომავალ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს: საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ზურაბ პატარაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა - ივანე აბაშიძემ.
საზეიმო ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, საქართველოს, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პროფესიულ დღესასწაულზე „მეზღვაურთა ფიცი“ დადეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებმა. საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და ტრადიციულად, ზღვაში სამგლოვიარო გვირგვინი ჩაუშვეს.
საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ მეზღვაურები - შორეული ნაოსნობის კაპიტნები, მექანიკოსები, მოტორისტები, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ნავიგაციის უნივერსიტეტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის ნავსადგურის წარმომადგენლები.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან აღინიშნება.







































