აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი - დენის სალუქვაძე , ქედის მუნიციპალიტეტის მერთან - მამუკა თურმანიძესთან, სამინისტროსა და აგროსერვისცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების - დანდალოსა და მერისის სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის „სამელიორაციო სისტემების მართვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სარწყავი, სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.
სამუშაოების ფარგლებში, სარწყავი არხები სრულად გაიწმინდა და დაზიანებულ მონაკვეთებზე ჩაეწყო პოლიეთილენისა და ფოლადის მილები. დანდალოსა და მერისის არხის საერთო სიგრძე 4 კილომეტრია, რომელიც 50 ჰექტარ სარწყავ ფართობს მოიცავს და 60-მდე ოჯახს მოემსახურება.
2026 წელს, ქედის მუნიციპალიტეტში სრულად მოწესრიგდება 23.440 კილომეტრი საერთო სიგრძის 10 სარწყავი არხი, ხოლო მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება კიდევ 8 არხს (საერთო სიგრძით 19.400 კმ). პროგრამის ფარგლებში, წელს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სულ 5 სარწყავი არხის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო დამატებითი რეაბილიტაცია ჩაუტარდება კიდევ 25 არხს.








