საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

22.ივნისი.2026

        აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, მინურ პაქსაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ და შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
       ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. გზის 7- კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასა და ასფალტობეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. აქვე, მოეწყობა საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
        გოდერძის უღელტეხილის ტერიტორიაზე, ხიხაძირისა და სხალთის ხეობებში  მცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინეს ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებებზე, გაეცნენ მათ წინადადებებსა და ინიციატივებს. 
     შეხვედრების დასასრულს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს სოფელ წაბლანაში 1989 წლის  აპრილის სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
       აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების თავმჯდომარეებთან ერთად მაღალმთიანეთში იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი -  ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ ბერიძე.

სურათები