აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
ხულო-ზარზმის გზის პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. გზის 47-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 41 კმ-ზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, დარჩენილი 6 კმ-დან 3 კმ-ზე კი ასფალტის პირველი ფენა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაცდელებისა და საყრდენი კედლების მშენებლობა, მეწყრულ მონაკვეთებზე კი აქტიურ ფაზაშია ფერდსამაგრი სამუშაოები და ჭაბურღილების ბურღვა. განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობა დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას შორის გადაადგილება გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო იქნება, რაც ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ დეტალურ ინფორმაციას კურორტ გოდერძიზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ამ ეტაპზე მათი ნაწილი დაგეგმარების, ნაწილი კი განხორციელების პროცესშია. ახალი ობიექტები ხელს შეუწყობს კურორტის სრულფასოვან განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
მშენებლებთან და ადგილზე დასაქმებულ თანამშრომლებთან შეხვედრისას, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე განიხილეს არსებული გამოწვევები და ის საჭიროებები, რომელთა მიზანიც კურორტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. როგორც აღინიშნა, კურორტ გოდერძიზე იგეგმება თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა-გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმთავრესი მიზანი კურორტ გოდერძის ოთხ სეზონზე სრული დატვირთვა, ეკონომიკური აქტივობის ზრდა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაა.
ცოტნე ანანიძესთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად მაღალმთიანეთში იმყოფებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოს მუნიციპალიტეტში- მინურ პაქსაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი - ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.















