ბათუმში, საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიური , მე-13 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრო.
საერთაშორისო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი პირები.
კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენს „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციული სანდოობის უზრუნველყოფაში“, რომლის შესახებაც 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები იმსჯელებენ.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ციფრულ ეპოქაში საარჩევნო პროცესების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნობიან, მოისმენენ სესიებს და მიიღებენ ინფორმაციას მოქალაქეობრივი ჩართულობის გაძლიერებისა და ინსტიტუციური სანდოობის დაცვის პროცესებზე.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის განხილვასა და იმ ქმედითი სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების სანდოობისა და ეფექტურობის გაძლიერებას.
















