საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17.ივნისი.2026

    უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მინურ პაქსაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ფანცხავასთან და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსთან ჯამბულ ნაკაშიძესთან ერთად,  გაუდაბნოებასა და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებას დაესწრნენ.

     შეხვედრა  აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით,  ქობულეთის ადმინისტრაციის თიკერის სატყეოს ისპანის უბანში მოეწყო. ღონისძიებაში სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.

     შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ტყის მნიშვნელოვან როლს გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოისმინეს საინფორმაციო სესია და დაესწრნენ მცენარეთა კალმებით გამრავლების პროცესს. მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს სანერგე მეურნეობა, სათბური და გაშენებული/აღდგენილი ტყის ტერიტორიები, სადაც ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ტყის აღდგენის პროცესებისა და მისი ეკოლოგიური მნიშვნელობის შესახებ.

     ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ტყის დაცვისა და აღდგენის მნიშვნელობის პოპულარიზაციას, ასევე ახალგაზრდების  ჩართულობის გაძლიერებას ბუნების დაცვის პროცესებში.

სურათები