აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მინდია დიასამიძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწარმე ქალების დაჯილდოების ცერემონიასა და პროგრამის - „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერება“ წარდგენას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ გახსნა, მცირე მეწარმეობის განვითარებაზე, დასაქმების ხელშეწყობასა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ წარმატებული მეწარმე ქალები.
პროგრამა - „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერება“ მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან წარმატებით ხორციელდება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, მათი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 39 დამწყები მეწარმე ქალი, რამაც მათი ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების, სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ მხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.










