აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, მაჭახელას ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
შეკრებილებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი ფანცხავა, გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი - ჯემალ ნაკაშიძე და მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე მიესალმნენ. ყურადღება გამახვილდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები იზოლდა მაჭუტაძე და მაია ქათამაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, ეკოლოგები და დარგის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. ახალგაზრდებმა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში მოისმინეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ, დაათვალიერეს ცენტრთან არსებული მუზეუმი, სადაც მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას ადგილზე წარმოდგენილი ნიმუშებით გაეცნენ.
მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო ეკო-ტურის ფარგლებში, დაათვალიერეს ეროვნულ პარკი, სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, ტყისა და წყლის რესურსების დაცვის თემატიკაზე.
დღის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიგელები.




















