ქობულეთის კულტურის სახლში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად დაესწრნენ.
გამორჩეულ მომღერალსა და პიროვნებას, 5 ივნისს, 73 წელი შეუსრულდებოდა. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერი, ლეგენდარული „ქართული ხმების“ სოლისტი და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელი, გურამ თამაზაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერლის სახელობის ქართული სიმღერის საღამოზე, რომელიც ქობულეთში ყოველწლიურად იმართება, გაიხსენეს მშობლიური კუთხისადმი გურამ თამაზაშვილის განსაკუთრებული სიყვარული, მისი შემოქმედება, ღვაწლი და დამსახურება. ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელმა, საყოველთაო სიყვარულთან ერთად, წარუშლელი კვალი დატოვა და მის გზას, მომღერალთა ახალი თაობები აგრძელებენ.
საღამოს, რომელიც გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73-ე წლისთავს მიეძღვნა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, მომღერლის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები დაესწრნენ.
"გურამ თამაზაშვილის ქართული სიმღერის საღამო", რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, კონცერტით დასრულდა.









