ქობულეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი შვეიცარიული ბრენდის - Swissôtel-ის ულტრათანამედროვე ტიპის სასტუმროკომპლექსის - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
პროექტის ოფიციალურ წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობების, ბიზნესის, საფინანსო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
მსგავსი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ინვესტორი კომპანიების - ,,არქისა“ და „ნექსთის“ დამფუძნებლებმა - ილია წულაიამ, კახა დევაძემ, ასევე Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში, არონ ლიბინსონმა.
კომპლექსს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი დოლარია, საქართველოში N1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი ააშენებენ. პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს. აქ, ასევე, განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიური რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.
კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი Swissôtel-ის სახელით განხორციელდება, ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. Swissôtel Accor საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
პროექტის წარდგენის ღონისძიების ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.



















