„სამუშაო ჯგუფის წევრები გამოცდილი ხართ დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევისა და ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებში. თქვენი რეკომენდაციები, ძალიან ეფექტური იყო პანდემიის დროს და, რა თქმა უნდა, კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შემუშავებული ახალი რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდაც. აჭარის ჯანდაცვის სისტემას აქვს კარგი პრაქტიკა საპილოტე პროგრამების მიმართულებით. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითალისწინოთ, მათ შორის მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვისას “, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ბათუმში, ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრის გახსნისას.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა -ზაზა ლომინაძემ გახსნა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფისთვის რიგით მესამე გასვლითი შეხვედრისთვის საგანგებოდ შეირჩა აჭარის რეგიონი, რომელიც დემოგრაფიული თვალსაზრისითა და წარმატებული საპილოტე პროგრამების განხორციელებით, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია.
ღონისძიების მონაწილეებს მიესლმნენ: ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე - მარიამ ლაშხი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე და საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე - დიმიტრი ხუნდაძე.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევისთვის და სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას შესაბამისი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე - ფატი ხალვაში, აჭარის დელეგატი საქართველოს პარლამენტში - ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ, დემოგრაფიული მდგრადობის ძირითადი კომპონენტების ანალიზი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - მარიამ ბანძელაძემ წარმოადგინა. სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა სამ დღეს გაგრძელდება და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მოწვევით, გაეროს სხვადასხვა სააგენტოები დემოგრაფიული მდგრადობის სხვადასხვა კომპონენტის კუთხით ჩატარებულ კვლევებსა და ანალიზს წარმოადგენენ, დაგეგმილია დისკუსიებიც.
როგორც შეხვედრის გახსნისას აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფი, რეგულარული კონსულტაციებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით, ორიენტირებულია პრაქტიკული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებაზე, ინსტიტუციური კოორდინაციის გაძლიერებასა და საქართველოს დემოგრაფიული გამოწვევებისადმი საერთო, მდგრადი და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე.
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, განიხილება დემოგრაფიული მდგრადობის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის მიგრაცია, შრომის ბაზარზე მონაწილეობა, ოჯახების მხარდაჭერა, ჯანმრთელობა, განათლება და რეგიონული განვითარება.


































