საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ედნარ ნატარიძე 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით წარდგა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2% -ს შეადგენს. რაც შეეხება შემოსავლების გეგმას, რომელიც 185 236 400 ლარით იყო განსაზღვრული, 109,5 %-თაა შესრულებული. მინისტრის განცხადებით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 97,9 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის და ამ ნაწილში გეგმის შესრულების მაჩვენებელი 109,1% -ია.
ცალკეული უწყებებისა და მხარჯავი დაწესებულებების ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ედნარ ნატარიძემ უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც. დადგენილების შესაბამისი პროექტი, სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.











