საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

27.მაისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან ერთად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. 

      საღამოზე, რომელიც ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა - ფუად აზიზოვმა გახსნა, აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ მიულოცა:

         „ საერთო გეოგრაფიული არსებობა და ბევრი საერთო ქარტეხილი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში, გულწრფელი პატივისცემის საფუძველია. მიიღეთ ჩემი მადლიერება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის, 26 მაისის მოლოცვისა და გაზიარებისთვის. ჩვენი ქვეყნები პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს - ბატონ ზურაბ პატარაძეს, რომელიც აზერბაიჯანში ქართულ დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით, საქართველოს საელჩო ღირსეულად და მაღალი პასუხისმგებელობით ემსახურა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას “, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას. 

      ღონისძიება, რომელსაც აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - რევაზ ნადარაია და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საზეიმო კონცერტით დასრულდა.

სურათები