აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარული სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დავით გაბაიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს უყარეს კენჭი.
საკითხი, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა - მინდია დიასამიძის განცხადებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უმაღლესი საბჭოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დავით გაბაიძის არჩევითაა გამოწვეული. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2026 წლის 15 მაისის წერილობითი შეტყობინების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარედგინა ინფორმაცია სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზე, აღნიშნული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია დავით გაბაიძე. ამასთან, გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და დასტურდება შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი ამონაწერით.
კანონმდებლებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს საკანონმდებლო ორგანოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვეს ახალ თანამდებობაზე.
სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს - დენის სალუქვაძე სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშითა და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციით წარდგა. მისი განცხადებით, სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი 86%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს უწყების 11%-ით გაზრდილი ბიუჯეტი 40.9 მლნ ლარს შეადგენს. სამინისტრო, ჯამში, 16 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლითაც ბოლო ერთ წელიწადში, დაახლოებით 29 000 ფერმერმა ისარგებლა.
პროგრამები, რომელთა მიზანი აგროსექტორის მდგრადი განვითარება, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, აგრარული ექსტენციის, აგროსერვისების განვითარება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაა, ორიენტირებულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე.
კითხვა-პასუხისა და გამოსვლების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.
ამავე სხდომაზე, მოისმინეს აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 96,1 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც სამუშაო ადგილების გაზრდილ რაოდენობასა და ხელფასების მატებაზე მიუთითებს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს.107 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა. მინისტრმა, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მხარჯავი დაწესებულებების შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის გარდა, ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.
ანგარიშთან დაკავშირებით, სხდომაზე, თანამოხსენებებით საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე და აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - კახაბერ კირტავა წარდგნენ.
სხდომის დასასრულს, კანონმდებლებმა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.



































