აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ ბათუმელ მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება მიულოცა.
საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან და ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან - ივანე მაისურაძესთან, ქობულეთის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, ბათუმის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა.
„განათლებული, ენერგიული, კრეატიული და ახალი იდეებით სავსე ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ მომავლის საქართველოს მართვის სადავეები, მისი ხვალინდელი დღე. გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების სრულიად ახალ, საინტერესო, ახალი მიზნებითა და იმედებით სავსე გზაზე“, - განაცხადა დავით ბაციკაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, დასახული მიზნების მიღწევა, შემდგომი წარმატებები უსურვეს და პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.















































