„წინ საინტერესო, ახალი შესაძლებლობებით სავსე წლები გელოდებათ. მჯერა, თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს ცოდნისა და განვითარების გზას. ბევრმა, შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გააგრძელოთ სწავლა. თუმცა, სადაც არ უნდა იყოთ, არასოდეს დაკარგოთ კავშირი საკუთარ სამშობლოსთან, მის ფასეულობებთან და იმ პასუხისმგებლობასთან, რომელიც განათლებულ ახალგაზრდებს ქვეყნის წინაშე აკისრიათ. განაგრძეთ გზა წარმატებებისკენ, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და მიღებული ცოდნა, გამოცდილება თუ ენერგია მოახმარეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, მშვიდობას, განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე.
ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე,ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ, 150 წარჩინებული სტუდენტი სემესტრული 1000-ლარიანი სტიპენდიით დაჯილდოვდა.
წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამას აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2025 წლიდან ახორციელებს. სტიპენდია გაიცემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტების, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებზე, რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის/ შემოდგომის სემესტრში და მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში.
2025 წელს 150 წარჩინებულ სტუდენტზე გაიცა სტიპენდია, წელს კი, მათი რაოდენობა გაორმაგდა.









































