საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

19.მაისი.2026

     საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, თინათინ ზოიძემ დეპარტამენტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგინა.
    მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის, საერთაშორისო აღიარებისა და ცნობადობის ამაღლების, შიდა, სპორტული ტურიზმის სტიმულიზაცია-პოპულარიზაციის, ტურისტული პროდუქტების განვითარების, სერვისების გაუმჯობესებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობდა.

      როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელი გამორჩეული იყო მზარდი დინამიკით და რეგიონში 4,8 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,4 %-ით აჭარბებს. ამასთან, გასულ წელს, აჭარაში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსულმა შემოსავლებმა 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 11,75%-ით გაიზარდა ვიზიტები  აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც.  მნიშვნელოვნად გაიზარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის დატვირთვაც და საერთაშორისო ფრენების რაოდენობამ, წინა წლის მაჩვენებელს, 33 %-ით გადააჭარბა. რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პუპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს. აჭარა, შარშან, წარმოდგენელი იყო  25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში.

  მედიატურების ფარგლებში, ჩვენს რეგიონს სტუმრობენ ცნობილი ბლოგერები, წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ინფო და მედიატურების ფარგლებში, შარშან, აჭარაში 350-ზე მეტი უცხოელი ინფლუენსერი, ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფებოდა.

       მიმდინარე პროექტებზე, სიახლეებსა და სეზონის მოლოდინებზე საუბრის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.
    წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

სურათები