“როცა ვსაუბრობთ მომავალზე, პირველ რიგში, ვგულისხმოთ ახალგაზრდებს. სოლიდარული, მოტივირებული, ძლიერი, აქტიური და ორგანიზებული მომავალი თაობა, განვითარებული სახელმწიფოს, მისი მომავლის საწინდარია. ჩვენი გუნდის პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს განათლების ხელმისაწვდომობას, შესაძლებლობების რეალიზებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ ეს ქმნის კიდეც ძლიერ საზოგადოებასა და ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ბათუმში, ახალგაზრდული კონგრესის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
სსიპ - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონგრესში თემაზე - "პიროვნული განვითარება, მოტივაცია და დროის მენეჯმენტი" , 300-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი მოტივაციის ამაღლებასა და თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
ფორუმის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან - სოფიო ბაკურიძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრნენ.
ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდები ინტერაქციულ ტრენინგში, დისკუსიაში მონაწილეობდნენ, ასევე გაეცნენ ინფორმაციას თვითგანვითარებისა და კარიერული წინსვლის შესახებ.
კონგრესს, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი და პიროვნული განვითარების ტრენერი - ნათია გოცაძე უძღვებოდა.





































