საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ედნარ ნატარიძემ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.
მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 96,1 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც სამუშაო ადგილების გაზრდილ რაოდენობასა და ხელფასების მატებაზე მიუთითებს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს.107 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა.
მინისტრმა, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და მხარჯავი დაწესებულებების შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის გარდა, ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, პროექტებზე, უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.
კომიტეტმა, მინისტრის ანგარიში პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება - აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.







