ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ჩვენი სულიერების ბალავარი -XV“ გაიმართა. კონფერენციის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, ანზორ ბოლქვაძე, სამეცნიერო -აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 140 მკვლევარი მონაწილეობს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა და მისი მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიასთან დაკავშირებული უახლესი კვლევების წარმოჩენაა.
„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი ის თარიღია, რომელიც განსკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მსგავსი კონფერენციები შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, მეტი ინფორმაცია მიიღოს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომლებზეც არის დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფო. ასევე, უნდა აღინიშნოს ეკლესიის როლი ქართულ ენასთან, მეცნიერებასთან, იმ ლიტერატურულ საგანძურთან, რომელიც შემოგვინახა ქართულმა ეკლესიამ მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ფრიდონ ფუტკარაძემ. მისი განცხადებით, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა ჩვენი ისტორია, რომლის ცალკეული ფურცლები ჯერ კიდევ საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას:
„თითოეული სამეცნიერო ნაშრომი და კვლევა, რომელიც საქართველოს, ჩვენი რეგიონის ისტორიული წარსულის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ინახავს, განსაკუთრებით ძვირფასია. ეს ის წარსულია, რომელიც აუცილებლად უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებიან: ქალაქ ბორჩხის მერი - ერჯან ორანი-დავითაძე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, კვლევითი-სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონფერენცია ქალაქ ბორჩხისა და ჭვანის ხეობის ანსამბლთა ფოლკლორული საღამოთი დასრულდება.






























