ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ქართული კინოს დღისადმი მიძღვნილი კინომუსიკის საღამო გაიმართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი - ილია ვერძაძე, აჭარის სამინისტროების წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„15 მაისი ქართული კინოს დღეა. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებულმა ფილმებმა შემოგვინახეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, მისი ტრადიციები, კულტურა, ყოფა, იდენტობა“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, სოფიო ბაკურიძე, სახელოვნებო სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჟღერდა პოპულარული სიმღერები ქართული კინოფილმებიდან სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცნობილი მომღერლები და მსახიობები.
ქართული კინოს დღის დაწესება უკავშირდება 1908 წელს, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა დაიწყეს პირველი ქართული დოკუმენტური ფილმების გადაღება, რაც ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის სათავედ მიიჩნევა.
















