ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს. შესაბამისი მოხსენებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარდგა.
მისი განცხადებით, აჭარის გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 109,8 პროცენტით შესრულდა. ამასთან, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 96,1 პროცენტი გადასახადებზე მოდის, რაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის გეგმას, მისი შესრულების მაჩვენებელი - 110 პროცენტს შეადგენს. 107 პროცენტითაა შესრულებული 2025 წლის სხვა შემოსავლების გეგმა.
მინისტრმა ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ და ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე.
ედნარ ნატარიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 90 544,5 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 90 158,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის თითქმის 100 პროცენტია. მინისტრის განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება უწყების პროგრამების რაოდენობა, დაფინანსება, მზარდია მოთხოვნაც და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, ყოველ წელს უფრო მეტი და მეტი მოქალაქე სარგებლობს.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.







