5 მაისს ცნობილი პოეტი და დიდი მამულიშვილი - ზურაბ გორგილაძე 89 წლის გახდებოდა. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, მის საფლავთან შეიკრიბნენ და პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„ზურაბ გორგილაძემ ქართული სულისთვის, ცნობიერებისთვის შექმნა ნამდვილი საგანძური. აჭარის სათქმელიც და კიდევ ძალიან ბევრი უთქმელი სიტყვაც თქვა ქართულად, ოსტატურად, იმ სულისკვეთებით, რაც საქართველოს, მისი ისტორიისა და მომავლის უკვდავებაა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, მამა გაბრიელმა (კაკაციძე) პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
შეკრებილებმა ქვეყნის, მისი ძირძველი კუთხის საამაყო შვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უკვდავი პოეტური სტრიქონები, რომლებიც წლებია ქართული პოეზიის საგანძურია.
გამორჩეული შემოქმედის დაბადების დღეზე, საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ: ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, ახლობლები, მწერლები, პოეტები, რიგითი ბათუმელები.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი და ყველა მათგანი უზომოდ შეიყვარა მკითხველმა. ზურაბ გორგილაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ზურაბ გორგილაძე 2006 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.



























