აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დუზჯეს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. კანონმდებლებმა შეხვედრა გამართეს ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ყურადღება გამახვილდა ქართული ენის განყოფილებასა და მის განვითარებაზე.
დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 2013 წელს ფრიდონ ფუტკარაძის ძმის, ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ძალისხმევით და უნივერისტეტთან აქტიური თანამშრომლობით გაიხსნა. აქ, დღესაც მეცნიერის მიერ შედგენლი პროგრამით მიმდინარეობს სწავლა. ამავე უნივერსიტეტში მოქმედებს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის კაბინეტი, სადაც მცირე ბიბლიოთეკაცაა მოწყობილი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ასევე, მოინახულა და დაათვალიერა, პროფესორის სახელობის კაბინეტი და მოისმინა იმ ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, რაც ტარიელ ფუტკარაძემ დუზჯეს უნივერსიტეტში, ასევე, დუზჯეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში ენის განვითარებისა და კულტურის შესანარჩუნებლად გასწია.
ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში და სწავლობდა იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების ყოფა-ცხოვრებას და დიალექტს, 2021 წელს გარდაიცვალა.
დუზჯეს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, აიდინ ქუბილაიმ, ფრიდონ ფუტკარაძეს საჩუქრად ტარიელ ფუტკარაძის ხელნაწერის ასლი გადასცა, რომელსაც ადგილობრივი ქართველები ოჯახებში სამახსოვროდ ინახავენ.
ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ქალაქ დუზჯეში მცხოვრები ქართველების მიერ ორგანიზებულ, ტრადიციულ დღესასწაულსაც დაესწრნენ. ადგილობრივი ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქართული კულტურის დღე პირველად აღინიშნა ასეთი მასშტაბით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: დუზჯეს კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ჯგუფი, ანსამბლი „რირაში“ ინეგოლიდან და მუსიკალური ჯგუფი სტამბოლიდან — იბერია ოზქან მელაშვილის ხელმძღვანელობით.
პარალელურად, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული კერძები და კალიგრაფიის ნიმუშები. ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადეს.














