აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტის - „აქტიური ახალგაზრდა" მონაწილეებს უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურაზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობის პრინციპებსა და სპეციფიკაზე ესაუბრნენ.
მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, კანონმდებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.
პროექტი - „აქტიური ახალგაზრდა" მიზანად ისახავს აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში.
შეხვედრას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი - ნინო დოლიძე და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.




































