საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

20.აპრილი.2026

   ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. სპორტული ასპარეზობის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, სულხან თამაზაშვილი, საქართველოს სპორტის მინისტრთან, შალვა გოგოლაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად დაესწრნენ.

       ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას. ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოსა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი - ლაშა ტალახაძე, საქართველოს სპორტის მინისტრი - შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - სულხან თამაზაშვილი, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - დოქტორი ასტრიდ ჰასანი. 

     მისალმებების შემდეგ, გაიმართა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოება. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს ძალოსანთა ევროპის ფედერაციის უმაღლესი ჯილდო „ოქროს ვარსკვლავი“ გადაეცა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდოები სპორტსმენებს დოქტორმა ასტრიდ ჰასანმა გადასცა.

      ქართული ძალოსნობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ლაშა ტალახაძემ განსაკუთრებული ჯილდოები გადასცა საქართველოს სპორტის მინისტრს - შალვა გოგოლაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - სულხან თამაზაშვილსა და ევროპის ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტს დოქტორ ასტრიდ ჰასანს. ასპარეზობაში მონაწილეთა წარდგენის შემდეგ, გაიმართა სპორტსმენთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია.

         ჩემპიონატზე, რომელიც 26 აპრილამდე გაგრძელდება, საქართველოს ნაკრები ათ წონით კატეგორიაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მონაწილეობს. ჩემპიონატს ჩვენი რეგიონი უკვე მეორედ მასპინძლობს.

 

სურათები