აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილი მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდების შეცვლას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, უწყებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო“ დაერქმევა.
კანონის პროექტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - დენის სალუქვაძე წარმოადგენს, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.












