აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტებს უმასპინძლა.
შეხვედრა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, როგორც მზარდი ტურისტული მიმართულებისთვის, მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო. საკანონმდებლო ბაზა, კომპეტენციები, ტურიზმის სახეობები, თავისებურებები, ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსები, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე დამკვიდრების გზები, ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები სტუდენტებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან მიიღეს.
ახალგაზრდები, საკანონმდებლო ორგანოში, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ („სსია“) ხელმძღვანელისა და „საერთაშორისო საგამოფენო კომპანია - „ექსპო ბათუმის“ გენერალურ დირექტორის - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის ინიციატივით, ასოციაციის ტრადიციული სტაჟირების პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
ცოტნე ანანიძესთან შეხვედრამდე, სტუდენტები, უმაღლესი საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ისტორიას, კანონშემოქმედებითი საქმიანობის სპეციფიკას, დაათვალიერეს უმაღლესი საბჭო და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.




















