საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

02.აპრილი.2026

   ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.

   სხდომას, ფარულ კენჭისყრამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების  დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა და უპირველესად, მადლობა გადაუხადა ყოფილ თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და კოლეგებს გამოცხადებული ნდობისათვის:

  „ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, მათ შორის, თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნების, ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს. მათი  არჩევანი იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად  სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი. აჭარა არის საქართველოს მარადიულობის სიმბოლო. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით, ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში. სწორედ ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გვაძლევს შესაძლებლობას ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ ჩვენს გონიერ, განათლებულ პრემიერ-მინისტრთან ერთად “, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.

  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე მესამე მოწვევის დეპუტატია და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

  ამავე სხდომაზე,  კანონმდებლებმა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი - ლაშა სირაბიძე, ღია კენჭისყრით, ასევე 12 ხმით აირჩიეს.

სურათები