„საქართველო მტკიცედ რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული - არა შერჩევითად ან პირობითად, არამედ თანმიმდევრულად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასება უნდა იყოს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სრულად ასახავდეს არსებულ რეალობას,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - გოგი ფუტკარაძემ, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი ანგარიში რთული პოლიტიკური გარემოს ცალმხრივ ინტერპრეტაციად შეაფასა:
„ არჩევნებში მონაწილეობდა არაერთი პოლიტიკური პარტია, ხოლო ფაქტი, რომ გარკვეულმა პარტიებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე, იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და არა სისტემური გარიყვა. დემოკრატიის პირობებში ბოიკოტი არ არის დემოკრატიის მარცხი - ეს არის არჩევანი“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გაამახვილა ყურადღება, ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას:
„საქართველოში მრავალფეროვანი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. მედია თავისუფლად ფუნქციონირებს - ყოველგვარი ცენზურის გარეშე აფიქსირებს კრიტიკულ მოსაზრებებს და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში. ამასთან, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა იქნეს აღქმული როგორც შეზღუდვა“, - განაცხადა გოგი ფუტკარაძემ.
თავის გამოსვლაში დეპუტატმა, ასევე ისაუბრა შეკრების თავისუფლებასა და სამართალდამცავი ორგანოების როლზე, მშვიდობიან პროტესტზე, რაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა განუყოფელი ნაწილია და რაც, ჩვენს ქვეყანაში სრულადაა დაცული. გოგი ფუტკარაძის განცხადებით, ძალადობა, ქონების დაზიანება და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, ამასთან, სახელმწიფოს აქვს როგორც უფლება, ისე ვალდებულება, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი.
კანონმდებელი, აქვე შეეხო ჩვენი ქვეყნის „დემოკრატიულ უკუსვლასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ნარატივს და აღნიშნა:
„მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ შეფასებას. საქართველო გადის პოლიტიკურად პოლარიზებულ ეტაპს - როგორც ეს არაერთ დემოკრატიას გამოუცდია. მიუხედავად ამისა, ინსტიტუტები ფუნქციონირებს და საზოგადოების ხმა მკაფიოდ ისმის. OSCE-ს სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. პატივცემულო კოლეგებო, საქართველო არ ამტკიცებს, რომ იდეალურია. თუმცა ველით სამართლიან შეფასებას. ჩვენ ვრჩებით ღია დიალოგისთვის და კონსტრუქციული რეკომენდაციებისთვის - და არა პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნებისთვის, რადგან ჩვენი მიზანი ერთია: უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული საქართველო“.
