საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე - ცოტნე ანანიძეს წარადგენს

31.მარტი.2026

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.

     ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.

    სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს  წარმატებები უსურვეს.

   ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.

  ფრაქცია „ქართული ოცნება“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

სურათები