საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ჟუჟუნა ხაჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

26.მარტი.2026

    „ამ ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ სტრიქონები, რომლებიც დღეს ასეთი სიყვარულით წაგვიკითხეს და რომლებიც ეკუთვნის ნამდვილ, ჭეშმარიტ პოეტს, ნაღდი პოეტური სულის უნიჭიერეს შემოქმედს, ქალბატონ ჟუჟუნა ხაჯიშვილს. სამწუხაროდ, ის ნაადრევად გამოგვაკლდა, თუმცა არაერთი ნიჭიერი, დამწყები პოეტისთვის იქცა გზამკვლევად შემოქმედებითი მწვერვალებისკენ,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით თედორაძემ პოეტ ჟუჟუნა ხაჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის საღამოზე.

     ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა, ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნატო შაინიძე), ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს სახელწოდებით - „ნეტავი ვინმე თუ გაიხსენებს, მე პოეზია როგორ მიყვარდა!“

      პოეზის საღამოზე, ლიტერატურული, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პოეტის ოჯახის წევრებმა, მისმა დამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელმა - ცირა ხაჯიშვილმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნიჭიერი შემოქმედი, რომლის ლექსები არაერთ ლიტერატურულ თუ პერიოდულ გამოცემას ამშვენებდა. გულწრფელობით, ემოციურობითა და ადამიანური განცდების სიღრმისეული გადმოცემით გამორჩეულ კრებულებში, ჟუჟუნა ხაჯიშვილი განსაკუთრებულად ეფერებოდა თავის სათაყვანებელ საქართველოს, მშობლიურ აჭარასა თუ ბათუმს, თითოეულ ქართველს, წინაპართა ტრადიციებსა და ღირებულებებს, რომლებიც ასე ძვირფასია ყველა თაობისთვის.

    „პოეტი ცოცხლობს, მანამდე სანამ მის პოეზიას არ ივიწყებენ, დღევანდელი დღე სწორედ ამის დასტურია,“- განაცხადა ცირა ხაჯიშვილმა და ღონისძიების ორგანიზატორებს, მის ინიციატორებს, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას, ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადა.

     პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს განსაკუთრებული ელფერი შემატა ჟუჟუნა ხაჯიშვილის პოეზიიდან მოსწავლეების მიერ წაკითხულმა ლექსებმა.

სურათები