საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, მესამე მოსმენით, 85 ხმით მიიღეს.
საკანონმდებლო პაკეტი, სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასამიძემ წარადგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და მინდია დიასამიძის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს,
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო კულტურის მიმართულება, შეიქმნა ახალი - კულტურის სამინისტრო, რამაც შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა.




