„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და, ზოგადად, ზღვისპირეთში - ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, სულხან თამაზაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა პროექტის უპრეცედენტო მასშტაბსა და ეკონომიკურ განზომილებაზე:
„ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება; კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი, ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის, უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა“ და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა, პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი ცათამბჯენი, რომელიც 2029 წელს დასრულდება, იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, ის ბათუმსა და საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე.
პროექტის მასშტაბურობასა და უნიკალურობაზე, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა, „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა - გოჩა კამკიამ.
„დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამის ნათელი მაგალითია ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია, შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და მოსასვენებელ სივრცეებს,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
კუნძულზე პირველი ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და კომპანიის დამფუძნებელ თორნიკე ქებურიასთან ერთად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტის გაცნობის შემდეგ, დაათვალიერეს კუნძული, სადაც 200 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტის განხორციელება იწყება.





















