საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურელებს იუსტიციის სახლის გახსნა მიულოცა

13.მარტი.2026

   „ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე და ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება,“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

   ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი აჭარაში რიგით მე-9 ფილიალია, რომლის ამოქმედების შემდეგ, იუსტიციის სახლების სერვისებით სარგებლობას, მოსახლეობა უკვე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შეძლებს. იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი მოქალაქეებს ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან სერვისებს შესთავაზებს. ამასთან, ადგილზე მათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო დახვდებათ.

     როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აჭარაში დიდია მოთხოვნა იუსტიციის სახლის სერვისებზე, რითაც ყოველწლიურად 700 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს: 

         „რეგიონში მუშაობს მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა. სულ მალე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. ჩვენი მიზანია მუდმივად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც გაზრდის ჩვენი მოქალაქეების წვდომას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

     პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა, ხელვაჩაურის მოსახლეობას იუსტიციის სახლის გახსნა მიულოცა და ფილიალის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა. 

    „დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ინსტიტუციურადაც. პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, სოციალური თუ საგანმანათლებლო მიმართულებით. ეს არის სისტემური პროცესი, რომელსაც მოაქვს რეალური შედეგები,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

         ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი - კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის წევრები, ხელვაჩაურის თვითმმართველობისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს იუსტიციის მინისტრი - პაატა სალია, საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე - ვახტანგ ჟვანია.

   ღონისძიების დასასრულს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ახლად გახსნილი იუსტიციის სახლი.

სურათები