ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა, 2026 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმა - განიხილეს და დაამტკიცეს.
ილია ვერძაძის განცხადებით, დარგობრივი კომიტეტისთვის, მიმდინარე წელს პრიორიტეტული მიმართულებებია: კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, მაკონტროლებელი საქმიანობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა, საზოგადობასთან, შესაბამის უწყებებთან, კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს კომისიასთან თანამშრომლობა, საკანონმდებლო დონეზე რეფორმების შემუშავება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე სახელმწიფო პროექტების შესახებ.
სხდომაზე, ასევე მოისმინეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კომიტეტმა პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
კანონმდებლებმა, ამავე სხდომაზე, იმსჯელეს პეტიციაზე - ,,მასტექტომიის შედეგად მკერდის აღდგენითი ოპერაციების სახელმწიფო დაფინანსება’’ . პროექტის მიზანი და სხვა დამატებითი დეტალები, კომიტეტის წევრებს, პეტიციის ავტორმა - ქეთი შანთაძემ გააცნო.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაწყება - პეტიცია, შესასწავლად გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში. პროექტი, ასევე დაეგზავნებათ დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს და ერთობლივი დასკვნის საფუძველზე, მომზადდება სათანადო რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება აღმასრულებელ ხელისუფლებას.