საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს.
პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხდომაზე, პირველი მოსმენით, მისმა ინიციატორებმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დავით გაბაიძემ და მინდია დიასამიძემ წარმოადგინეს.
როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, 2018 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, უმაღლესი საბჭოს არჩევის შერეული საარჩევნო სისტემა შეიცვალა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, რამაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები - რიგი ნორმების ამოღება/ცვლილება გამოიწვია. მინდია დიასამიძის განცხადებით, ჯამში, კანონიდან ამოღებულია 79 ნორმა, მათ შორის 10 მუხლი და 69 პუნქტი/ქვეპუნქტი.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში მიიღო ახალი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. ახალმა საკანონმდებლო აქტმა კი, ახლებურად ჩამოაყალიბა რიგი საარჩევნო ნორმები, რაც აუცილებელია აისახოს ავტონომიური რესპუბლიკის კანონშიც.
დავით გაბაიძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმების დახვეწა, საარჩევნო პროცედურების დაზუსტება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციაა.
„არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, იმისათვის, რომ დეტალურად გავიაროთ ყველა შესაბამისი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართულად ჩატარებას“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, ასევე მოისმინეს ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მიერ 2025 წლის საშემოდგომო სესიაზე გამოყენების შესახებ.
ორივე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარმოადგინა.








