საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა

25.ივნისი.2019

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 303-მილიონიანი ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ახალი პროექტებისთვისაა განკუთვნილი. მომხსენებელმა ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე და უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები.

 სხდომაზე შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ბაგრატიონმა. აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით თითოეულ მუნიციპალიტეტს თავისი ბიუჯეტი ექნება. ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, კოოპერატივების განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე. წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

  სხდომაზე  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა. პროექტი, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა უმაღლესი საბჭოს სხდომისათვის მომზადებულად მიიჩნია.

სურათები