აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის დაარსებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
„მინდა მივესალმო ყველას, ვინც იზიარებს მთავარ დამოკიდებულებას ჩვენს ცხოვრებაში, სკოლა ადამიანებით და ადამიანები სკოლით. არ შეიძლება ამაზე ძვირფასი აწმყოში რამე შევქმნათ მომავლისთვის. ქედს ვიხრი მეოთხე სკოლის პედკოლექტივის წინაშე, თქვენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ მოსწავლეებისთვის მეორე მშობლები ბრძანდებით, როცა მშობლებს სკოლაში მიჰყავთ ბავშვები და სრულყოფილი პიროვნებები გაჰყავთ სკოლიდან სწავლის დასრულების შემდეგ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ყველა მოსწავლე, მასწავლებელი. მშვიდობა და განათლება არ მოუშალოს ჩვენს ისედაც ისტორიულად და კულტურულად ძლიერ, განათლებულ ერს,“ - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს რეგიონში საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის და საიუბილეო თარიღი მიულოცა ამავე სკოლის კურსდამთავრებულსა და უმაღლესი საბჭოს წევრს - ილია ვერძაძეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს იუბილე მიულოცეს, წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. საზეიმო ღონისძიებაზე გაიხსენეს სკოლის დაარსების ისტორია და ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც თაობები აღზარდეს.
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის, განათლების სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საიუბილეო თარიღი მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ლიტერატურული, სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. საიუბილეო თარიღსა და ახალ სასწავლო წელს 1 100 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.












