საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

04.სექტემბერი.2026

„მუზეუმი მხოლოდ ექსპონატების შესანახი ადგილი არ არის, ის გაცილებით მეტია, ვიდრე არტეფაქტების საცავი - სივრცეა, რომელიც ადამიანებს დროსა და ისტორიაში მოგზაურობის საშუალებას აძლევს და, ფაქტობრივად, კავშირია ეპოქებს, თაობებსა თუ ცივილიზაციებს შორის. ქართული მუზეუმები, გლობალიზაციის პირობებში, ჩვენს იდენტობას, ისტორიასა და კულტურას ინარჩუნებენ“,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ ბათუმში, VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - ,,მუზეუმი და გლობალიზაცია“ სიტყვით გამოსვლისას.   

სსიპ აჭარის მუზეუმის მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენციის მიზანი ჰუმანიტარული, სოციალური და მომიჯნავე დარგების, ასევე, სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევრების სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარება, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობაა.  

ღონისძიება - სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა - თეონა ზოიძემ გახსნა. შეკრებილებს მიესალმნენ: აჭარის კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი - როინ მეტრეველი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი - დავით ლორთქიფანიძე.

კონფერენციის მასალების კრებული, სამეცნიერო ჟურნალის სახით ატვირთულია მეცნიერების ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე, Google Scholar-ის პლატფორმაზე. სექციებში - კულტურული ტურიზმი, სამუზეუმო მენეჯმენტი, ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, 65 მონაწილე, მათ შორის 14 უცხოელია (აშშ, იაპონია, თურქეთი, უკრაინა) ჩართული.

ღონისძიების გახსნის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც სექციური მუშაობით გაგრძელდა. 

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სურათები