აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე და ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინურ პაქსაძე, კურორტ გოდერძზე, განათლებისა და სპორტის სამინისტროს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" კანონით დამტკიცებული პროგრამის -„კონკურსები და ოლიმპიადები" ქვეპროგრამის -„საზაფხულო სკოლა" ფარგლებში, პროექტის მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ.
დავით ბაციკაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „ღია საუბრები საქართველოს ისტორიაზე“ . მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ მსგავსი პროექტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაციაა საკუთარი სამშობლოს წარსულის, მისი ტრადიციების უკეთ შესწავლისათვის, საქართველოს ისტორიის ცოდნა და გააზრება, მისი სწავლება – ხელს უწყობს მომავალ თაობაში ეროვნული ღირებულებებისადმი, ფასეულობებისა და იდენტობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ პროექტის მონაწილეებთან მათთვის საინტერესო არაერთ თემაზე ისაუბრა, უპასუხა მათ შეკითხვებს. საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი პროექტები სამომავლოდაც გაგრძელდება.


