css3 dropdown menu by Css3Menu.com

20 მარტი 2017 წელი

შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში

20 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბათუმის რეგიონალურ ოფისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა 11 მარტის აქციის შედეგად დაკავებულთა ოჯახების წევრებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, დეპუტატები: ნინო ჩხეტია, ცოტნე ანანიძე, დავით თედორაძე, ნუგზარ სურმანიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ილია ვერძაძე, გიორგი რომანაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი და გიორგი მანველიძე.

შეხვედრამ ღია და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობაც.

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ იზიარებენ დაკავებულთა მშობლების გულისტკივილს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ უამბო, რომ პირადად მას და მის ოჯახს გამოუვლია მსგავსი სიტუაცია და ამიტომ კარგად ესმის თუ რას განიცდიან ამჟამად დაკავებულთა ახლობლები. ითქვა ისიც, რომ კანონზე მაღლა ვერავინ დადგება და ამას შესაბამისად, ვერც ვერვინ ვერავის დაპირდება, თუმცა ანალოგიურად, იმისდამიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ადამიანი, ვერც მას მოექვევიან უკანონოდ.

ერთმანეთისგან ნაწილობრივ განსხვავებული იყო დეპუტატებთან შესახვედრად მისულთა მოსაზრებები. ზოგი თუ დაკავებულთა უაპელაციოდ განთავისუფლებას ითხოვდა, მეორენი სასჯელის შემსუბუქებისათვის შუამდგომლობას სთხოვდნენ დეპუტატებს. იყვნენ ისეთებიც, რომელთა აზრით, დაკავებულებზე უფრო მკაცრად ვანდალიზმის ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ. ზოგიერთმა მშობელმა ისიც თქვა, რომ არ სჯერა მისი შვილის მიერ ასეთ ვანდალიზმში მონაწილეობა და თუ ამაში ფაქტებით დაარწმუნებენ, მაშინ პრეტენზიები არ ექნება.

დეპუტატებმა შეკრებილებს განუმარტეს, რომ არავის აქვს უფლება, მათ შორის არც ხალხის რჩეულებს, გამოძიების პროცესში ჩარევისა. აღნიშნეს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. მათი თქმით, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ისაა, რომ საერთო ძალისხმევით შეძლონ ყველაფრის გაკეთება, რათა არავინ დაისაჯოს უდანაშაულოდ ან გადამეტებით. თუმცა ისიც დაუშვებელია, რომ ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ გეგმავენ დაკავებულთა ადვოკატებთან შეხვედრას, რათა მათგან მიიღონ ნაკლებად ემოციური და იურიდიულად უფრო გამართული ინფორმაცია. დეპუტატებმა შეკრებილებს აღუთქვეს, რომ მათ მოსაზრებებს გუდასმით განიხილავენ და ამ საკითხს შესაძლებლობის ფარგლებში ყურადღებას არ მოაკლებენ.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია