css3 dropdown menu by Css3Menu.com

15 მარტი 2017 წელი

ჯანდაცვის კომისიის გასვლითი სხდომა

15 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გამსვლელი სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში- ანზორ ბოლქვაძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში-ხვიჩა შარაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები გიორგი მანველიძე, ილია ვერძაძე, ზაზა ოქუაშვილი და დავით თედორაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო კომისიის პირველ გასვლით სხდომას ატარებს. ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას და ანალოგიური ღონისძიებების სხვა მუნიციპალიტეტში ჩატარება დააანონსა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს გაწეული მომსახურებისა და 2017 წლის ღონისძიებების შესახებ" მოხსენებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე წარსდგა. ამჟამად სამინისტრო ჯანმრთელობის 9 და სოციალური დაცვის 11 პროგრამას ახორციელებს. მინისტრმა მოუწოდა ადგილობრივ მედიცინის მუშაკებსა და თემებში გამგებლის წარმომადგენლებს, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რათა როგითმა ადამიანებმა შეძლონ მაქსიმალურად ეფექტურად ისარგებლონ მოქმედი პროგრამებით. გამოსვლის შემდეგ დამსწრეებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის გამოიკვეთა 2 საკითხი, რომლებიც უახლოეს პერიოდში გადაჭრას საჭიროებს, კერძოდ: მაღალმთიან რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და სხალთის ხეობის ამბულატორიისათვის მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენის საკითხი. კომისიამ თხოვნით მიმართა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უმოკლეს ვადაში წარადგინოს მოსაზრებები აღნიშნული საკითხების გადაჭრის თაობაზე.

კომისიამ მისტრის მოხსენება ერთხმად მიიღო ცნობად. გამსვლელი სხდომის დასრულების შემდეგ სხდომის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ, დაათვალიერეს ხულოს რაიონული ჰოსპიტალი, სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამბულატორია. ჰოსპიტალის პაციენტებმა სტუმრებთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვეს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე ითქვა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრი ახლო მომავალში უფრო კომფორტულ შენობაში გადაინაცვლებს.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია