css3 dropdown menu by Css3Menu.com

7 მარტი 2017 წელი

კანონმდებლებმა ასმათ დიასამიძის უფლებამოსილება ცნეს

აჭარის უმაღლეს საბჭოს 21-ე დეპუტატი შეემატა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე საკანონმდებლო ორგანოში ასმათ დიასამიძემ ჩაანაცვლა. მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხს დეპუტატებმა 7 მარტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი. შესაბამისი დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

სხდომას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, პირველად დაესწრო „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზაზა ოქუაშვილი. მისი უფლებამოსილება კანონმდებლებმა 10 თებერვლის რიგგარეშე სესიაზე ცნეს. ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში პარტიული სიის პირველი ნომრის - დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლეა.

7 მარტის პლენარული სხდომით საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა, თუმცა, დღის წესრიგით გათავლისწინებული ერთადერთი საკითხის განხილვამდე კანონმდებელთა ერთმა ნაწილმა განცხადებები გააკეთა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზში ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ მხარდასაჭერი პლაკატი გამოაკრეს, მიმდინარე პროცესები ქვეყნისათვის ძალზე უარყოფით მოვლენად შეაფასეს და კოლეგებს ტელეკომპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ განცხადებებს უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ უპასუხა და ოპოზიციას ახლო წარსული შეახსენა.

სხდომა გაიხსნა სახელმწიფო ჰიმნით. მისი დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან სხდომათა დარბაზში პლაკატის გამოკვრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ:

-საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი ის ადგილია, სადაც თავისუფალი აზრის გამოხატვა უნდა ხდებოდეს და ამაში განსაკუთრებული არაფერია,- აღნიშნა დავით გაბაიძემ.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია