css3 dropdown menu by Css3Menu.com

1 მარტი 2017 წელი

პოლონელები ქართულ მხარეს გამოცდილებას გაუზიარებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 5-კაციანი დელეგაცია, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთსა და ზოგადად ევროპაში გამორჩეულ ერთ-ერთ სამთო-სათხილამურო კურორტს - შკარლსკა პორებასა და ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლას ეწვია.

პოლონეთის მაღალმთიანი ზონის ულამაზესი კურორტი, რომელიც ჯერ კიდევ მე-14 საუკუნიდანაა ცნობილი, წელიწადის ყველა დროს დატვირთულია ტურისტებით. ათეულობით სასტუმრო, დასასვენებელი სახლი თუ პანსიონატი, ყველა სეზონისთვის შესაფერისი, მუდმივად განვითარებადი ინფრასტრუქტურით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამსვენებელსა თუ სპორტსმენებს სულ უფრო მეტად იზიდავს. მასპინძლებმა ქართული დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კურორტის ისტორიაზე, მის დღევანდელობაზე და სიამოვნებით დათანხმდნენ უმაღლესი საბჭოს წევრების შეთავაზებას - თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ქართულ მხარეს კურორტ „გოდერძის“ განვითარებასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლაში ვიზიტიც. როგორც სასწავლებელში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, 2015 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქ რამდენიმე წარჩინებული ბათუმელი სტუდენტი ეუფლება საბანკო საქმეს და სამომავლოდ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, წარმატებით ხორციელდება სხვა საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებშიც არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ ლექტორ-მასწავლებლებიც მონაწილეობენ.

საბანკო სკოლის წარმომადგენლებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრაზე ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე გამახვილდა ყურადღება.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია