css3 dropdown menu by Css3Menu.com

26 ნოემბერი 2014 წელი

მეტი ქალი - ქართულ პოლიტიკაში

26 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარე მანანა მებუკე, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარინა ჯაბადარი - ოდიშვილი, გენდერული თანასწორობის ქსელის აჭარის რეგიონული კოორდინატორი თამილა დოლიძე და აჭარის ტელევიზიის ახლად დაარსებული ტელეგადაცემის - „საუბრები გენდერზე“ წამყვანი გურანდა დოლიძე. საბჭოს თავმჯდომარემ, მედეა ვასაძემ, მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის იდეის განვითარებას, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ პრობლემებთან ერთად, ხელი შეუწყო საქართველოს გენდერული თანასწორობის ქსელთან თანამშრომლობამ და ამისათვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, გენდერული თანასწორობის სწორი პოლიტიკის წარმართვას. ამ მხრივ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭო მომავალი წლიდან კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს და ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ანალოგიური საბჭოც - განაცხადა მედეა ვასაძემ. სხდომაზე მედეა ვასაძემ აღნიშნა, რომ საბჭო მუშაობს საქართველოს პარლამენტის დადგენილების „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის“ - შესაბამისად და ყურადღება გაამახვილა რეგიონულ დონეზე კონკრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვის აუცილებლობაზე. ამასთან, საბჭო აკვირდებოდა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის 2015 წლის არჩევნებს, რომლის დროსაც პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული შესაბამისი ცვლილებებისა, საარჩევნო სიებში ნაკლებად ან თითქმის არ შეიყვანეს სუსტი სქესის წარმომადგენლები. ქალბატონმა მედეამ აღნიშნა რომ, ამ კუთხით აშკარა დისბალანსია ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში და სტუმრებს გააცნო რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეულ წევრთა სქესთა ბალანსის სტატისტიკა. კერძოდ, ბათუმის საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულ იქნა 25 წევრი, რომელთაგან 2 ქალია; ქობულეთის საკრებულო -5/35, ხელვაჩაურის საკრებულო-2/26; ქედის საკრებულო - 2/24,ხულოს საკრებულო -1/25, შუახევის საკრებულო - 1/24. საბჭო ასევე განაგრძობს დაკვირვებას ბათუმის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, თუ რამდენი ქალი და კაცი დაიკავებს თანამდებობებს. ითქვა რომ, ამჟამად უმაღლეს საბჭოში 194 საშტატო ერთეულია, რომელთაგან 78 ქალს, ხოლო 116 კაცს უჭირავს, ანუ ქალთა წილი 40%_ს შეადგენს. ამ მხრივ არც თუ ისე ცუდი მდგომარეობა გვაქვს - აღნიშნა მედეა ვასაძემ და დასძინა, რომ უმაღლესი საბჭო ხელს უწყობს გენდერულ საკითხებზე აპარატის თანამშრომელთა ტრენინგ-სემინარებში, თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. გენდერული ქსელის წარმომადგენლები 2015 წლის იანვრიდან აჭარის ყველა რაიონს ეწვევიან და დეტალურად გაეცნობიან გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა-მოგვარების გზები აპრილის ბოლოსათვის შესაბამის სამოქმედო გეგმაში შევა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საბჭოს თანამშრომლობისათვის და აცნობეს რომ, ანალოგიური საბჭოს შექმნა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც იგეგმება, რაზედაც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ შუამდგომლობით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. სხდომაზე იმსჯელეს ასევე ქალთა მიმართ და ბათუმის ციხეში გამოვლენილ ძალადობის საკითხებზე. საბჭოს წევრებმა და სტუმრებმა აღნიშნეს რომ, ძალადობა დაუშვებელია და აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გააქტიურება.
« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია