css3 dropdown menu by Css3Menu.com

21 აპრილი 2017 წელი

ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საკანონმდებლო ორგანოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია, ვერძაძე, გიორგი მანველიძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი 21 აპრილს, სასტუმრო „რედისონში“, ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდნენ.

17-კაციანი დელეგაცია, ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშლის ეჟი მიხალაკის მეთაურობით, აჭარაში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქვემო სილეზიის სეიმის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იადვიგა შელონგი და ქვემო სილეზიის წამყვანი სამედიცინო კლინიკების, მსხვილი სამედიცინო და სამეცნიერო გაერთიანებების ხელმძღვანელები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სტუმრებს გულითადი მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რასაც პოლონეთი იჩენს საქართველოსადმი. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ხაზგასმით ისაუბრა იმ მრავალმხრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ჩამოყალიბდა ორი ქვეყნის როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ ხელისუფლებებს შორის. დავით გაბაიძის განცხადებით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობების დიდი ბაზა კარგ საფუძველს ქმნის მომავალი ურთიერთობებისთვის. გარდა ამისა, მაისში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ჩარტერული რეისების დანიშვნაზე ბათუმსა და სილეზიის ქალაქებს შორის, მომავალი წლისთვის კი ბათუმი ერთობლივ ბიზნესფორუმს უმასპინძლებს, გაგრძელდება კულტურულ-საგანმანათლებლო და მედიკოსთა გადამზადების გაცვლითი პროგრამებიც.

პოლონური დელეგაციის წევრებმა დავით გაბაიძესა და უმაღლესი საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისათვის. მხარეებმა შეხვედრის დასასრულს საჩუქრები გაცვალეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

პოლონეთის დელეგაცია 22 აპრილს სამშობლოში გაემგზავრება.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია